„სული – ერების სამოსი“ – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ირაკლი ნასიძისა და ციაო ცის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს ირაკლი ნასიძისა და ციაო ცის პერსონალურ გამოფენას – „სული – ერების სამოსი“. გამოფენა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა დაათვალიერა.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა – „რით არ ვარ ქართველი“?
წიგნის ავტორია ფრანსუა კოტინი, ილუსტრაციების ავტორი – ირაკლი ნასიძე.
„მე ჩემს განვლილ გზას ვუყურებ, როგორც მდიდრულ ტილოს, მოჭედილს ყველა იმ სათუთი გრძნობით, რომლებიც ბავშვობიდან მაძლევდა და კვლავაც მაძლევს შემოქმედებით ძალას. მომწონს, როცა სამყაროს შევიგრძნობ სუნამოსავით მსუბუქსა და ჰაეროვანს“.
გამოფენა „სული – ერების სამოსი“ ორი დიდი ხელოვანის – საფრანგეთში მოღვაწე ქართველი შემოქმედის, ირაკლი ნასიძისა და მისი ჩინელი მეუღლის, მხატვარ ციაო ცის, შემოქმედების ერთობლიობაა. გამოფენის კონცეფცია დასტურია იმისა, რომ ხელოვნებას არ გააჩნია საზღვრები და ეროვნება. განსხვავებულ კულტურათა მიუხედავად, ის თავისუფლებასთან ასოცირდება, რადგან ადამიანში სულია უმთავრესი და უნივერსალური.
გამოფენა ავტორების უდიდეს შესაძლებლობებსა და მიღწევებს ასახავს. ის კულტურათა განსხვავების თავისებურებებზე გვესაუბრება და ქმნის ერთიან შემოქმედებით გარემოს, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის ინდუსტრიის სინთეზია. ირაკლი ნასიძე სრულიად ახლებურ ხედვას სთავაზობს თავისი ხელოვნების თაყვანისმცემელსა და ამ კოლექციის თითოეული ნივთის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებს.
გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილია ციაო ცის ფერწერული ტილოები, რომელთა ძირითადი მახასიათებელი მტკიცე და ძლიერი ხაზებია. სწორედ ეს ხაზები აგებს დეკორაციას და ქმნის სივრცეს. მის ტილოებზე უმეტესად ქალის ფიგურებია გამოსახული, რომელნიც, იდუმალებით შემკულნი, მუდმივად მზად არიან სამყაროს მოსასმენად და ბავშვური, ამავდროულად კი, ცხოვრებისეული სიბრძნით გამსჭვალულნი, მომნუსხავად გესაუბრებიან.
„მდუმარე, სულიერებითა და სიბრძნით აღსავსე პერსონაჟები, ციაო ცის ფანტაზიით გადმოცემული, მისი ხელწერა ჩემი შთაგონების უმთავრესი წყაროა. ეს მშვიდობის, თავისუფლებისა და აბსოლუტური ნდობის იდენტურობაა“ (ი.ნასიძე).
ირაკლი ნასიძის ხელით მოხატული სამოსი, არქეო-ფუტურისტული ბრინჯაოს სამკაული, ავეჯი, ქანდაკებები, კერამიკული ჭურჭელი, აქსესუარები, სამუზეუმო არტობიექტების სრული კოლექცია შესრულებულია ადგილობრივი ოსტატების მიერ საგანგებოდ ამ გამოფენისა და ქართველი ხალხისთვის.
როგორც ირაკლი ნასიძე ამბობს: „შემოქმედებითი მუშაობისას ერთმანეთს ერწყმის რეალური და ირაციონალური.“
მაესტროს მიზანია, გაამშვენიეროს, დახვეწოს ამა თუ იმ მასალით მუშაობა, გრძნობებისა და ემოციების საშუალებით ადამიანები ამოგზაუროს იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც მისი ნამუშევრები ქმნის.
„ლუქსი“ მისთვის სილამაზის გამოხატულებაა, რომელსაც ადამიანები სულის სიღრმეში ატარებენ, შიგნიდან ასხივებენ და გულწრფელად უნაწილებენ გარშემო მყოფთ. სწორედ ასეთი ხედვა და დამოკიდებულება აძლევს ავტორს საშუალებას, იყოს თვითმყოფადი და საინტერესო. მისი მიზანია, გააფართოოს სამუშაო არეალი, გასცდეს მოდის ხელოვნებას, გაშალოს ფრთები და თავისი ნიჭი და წარმოსახვა ჯადოსნურ სამყაროში გადაიტანოს.
„ირაკლი მზის ადამიანია. მის ყველა მოქმედებასა თუ ნააზრევში სამყაროს მიმართ უდიდესი სიყვარული იგრძნობა“ (ხელოვნებათმცოდნე ფრანსუაზა კაი).
დამთვალიერებელს ირაკლი ნასიძისა და ციაო ცის გამოფენის ნახვა თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 23 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები