ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში მოისმინა, რომელიც დეპუტატებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ გააცნო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითადი სამოქმედო პრიორიტეტებია: საყოველთაო წვდომა, საყოველთაო მომსახურება, საჭიროებების მქონე აუდიტორიის წარმოჩენა. საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, საზოგადოებრივი პოლიტიკური პროდუქციის წარმოების და ხარისხის ზრდა, ტელესკოლის, როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებითი პლატფორმის კონცეფციის შემუშავება და განვითარების გეგმის მომზადება; პროდუქციის ხარისხის, მრავალფეროვნების და ზეგავლენის წლიდან წლამდე ზრდა, მათ შორის, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის პროდუქციის სანდოობის ზრდის უზრუნველყოფა; არქივის გაციფრულების და შენახვის შემდგომი უზრუნველყოფა.
ანგარიშის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში მომზადდა პირველი არხის 34 და ტელესკოლის 14 სხვადასხვა გადაცემა, 10 დოკუმენტური ფილმი/სერიალი, 28 ტელედოკი, ქართული მხატვრული 2 სერიალი, 1 ანიმაციური ტელესერიალი, 22 რადიოპროექტი. 2022 წელს გარე წარმოების პროდუქტებზე 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, რამაც მთლიანი ეთერის 30 % შეადგინა. რაც შეეხება, ბიუჯეტის შესრულების ზოგად პარამეტრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულმა 2022 წლის ბიუჯეტმა 80, 779,328 ლარი შეადგინა.