ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის – Titan-ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. კვლევითმა ხომალდმა „პოლარ პრინცმა“ ეკიპაჟთან კავშირი წყალში შესვლიდან 1,45 საათში დაკარგა და დღემდე არ აღუდგენია.
BBC-თან საუბარში აშშ-ის სანაპირო დაცვის კონტრადმირალმა, ჯონ მაუგერმა განაცხადა, რომ “ტიტანის” ბორტზე ჟანგბადი მაქსიმუმ 20 საათის მარაგი რჩება, თავდაპირველად 96 საათის სამყოფი იყო.
მისი თქმით, ზუსტი შეფასების გაკეთება რთულია, რადგან უცნობია, რამდენ ჟანგბადს მოიხმარს იქ მყოფი თითოეული ადამიანი.
მანამდე, აშშ-ის სანაპირო დაცვაში განაცხადეს, რომ კანადურმა თვითმფრინავმა – P-3-მა წყალქვეშა ხმები დააფიქსირა. დღეს ასეთი ხმები კიდევ ერთხელ მოისმინეს და მათ რადიუსში ძებნა გაძლიერდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ ოკეანე საკმაოდ ხმაურიანი ადგილია, რთულია ხმაურის ბუნების დადგენა, თვით “ტიტანიკის” ნამსხვრევებმაც კი შეიძლება, შექმნან ხმაური მიწისქვეშა დინების გამო.