სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2023 წლის 18 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 17 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა, სამსახურმა ფაქტის შესწავლა მყისიერად გუშინვე დაიწყო, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, 18 ივნისს, უწყებაში შეტყობინების შემოსვლისთანავე, დაუკავშირდა შეტყობინების ავტორს – ლუკა შველიძის დედას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით საგამოძიებო სამსახურში გამოცხადება სთხოვა. 2023 წლის 18 ივნისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ასევე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია ლუკა შველიძესთან და მას გასაუბრების მიზნით მისთვის სასურველ დროს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება შეეთავაზა, რაზეც, მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოცხადდებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნული ფაქტის შესწავლას აგრძელებს, რა დროსაც კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.