კახოვსკაიას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად, მდინარე დნეპრში წყალი ნორმაზე 28-ჯერ მეტად არის დაბინძურებული.
ამის შესახებ BBC News Ukraine-თან ინტერვიუში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ თქვა.
მისი თქმით, კახოვსკაიას კაშხლის ქვემოთ წყლის მთელი ტერიტორია „გამოყენებისთვის შეუსაბამოა“.
„ამიტომ, აკრძალულია ბანაობა, თევზაობა, ამ წყლის დალევა, პირუტყვისთვის წყლის მიცემა. ასეთ წყალში ბანაობისას, პოტენციურად ქოლერით, ჰეპატიტით დაავადების რისკი არსებობს. დეზინფექციის ექსტრემალური რეჟიმია ამოქმედებული. გაძლიერებულია წყლის ხარისხის მონიტორინგი”, – თქვა მან.
მინისტრის თქმით, ასევე აკრძალულია შავ ზღვასა და უკრაინის სანაპიროზე დასვენება.
ლიაშკო იმედოვნებს, რომ სანიტარიული სტანდარტების დაცვით, ეპიდემიის აცილება შესაძლებელია.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქოლერის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს.