“ვილნიუსის სამიტზე გვინდა, მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები ნატოში შესვლამდე და არა – მის ნაცვლად” – უკრაინის საგარეო უწყება

ნატოს ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა ელოდება უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე და არა – გაწევრიანების ალტერნატივის სახით.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი პერებიინისმა “ტელემარტონის” დროს თქვა.

მისი თქმით, უკრაინის მოლოდინებს შორის არის უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული კონკრეტული ალგორითმები და ვადები, ასევე, უსაფრთხოების საიმედო გარანტიების საკითხი.

„მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარანტიები გვინდა მივიღოთ არა ნატოში გაწევრიანების ნაცვლად, არამედ სრულფასოვანი წევრობის მიღებამდე. რადგან ყველას ესმის, რომ ნატოში გაწევრიანება არის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია, რადგან არსებობს მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებაზე საუბრობს. მაგრამ, სანამ ალიანსის წევრი არ გავხდებით, გვჭირდება სხვა სახის გარანტიები და ახლა ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა პერებიინისმა.

მისი თქმით, ახლა განიხილება გარანტიების სხვადასხვა მოდელი, მათ შორის ისრაელის, რომელიც მოიცავს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, ასევე ის, რომელიც ფინეთისა და შვედეთის მიმართ იყო გამოყენებული.

„ნატოს პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა ვილნიუსის სამიტს ჰქონდეს კონკრეტული პასუხი, მიღებული იყოს კონკრეტული ალგორითმი, თუ როგორ, რა პირობებში და როდის გახდება უკრაინა ნატოს წევრი. ამიტომ, ჯერ ნაადრევია საუბარი როგორი ფორმულირება იქნება, მაგრამ აბსოლუტურად ზუსტად, ეს უნდა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი, იმასთან შედარებით, რაც 15 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული“, – დასძინა პერებიინისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები