“მთავარი საფრთხე რუსეთია” – გერმანიამ პირველად, უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

გერმანიის მთავრობამ, პირველად, ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა.

კონცეფცია, რომელიც მიღებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ევროპაში არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, გულისხმობს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას სამ ძირითად მიმართულებაში: თავდაცვისუნარიანობა, მდგრადობა და გამძლეობა.

„ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, იყოს გარანტირებული ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და თავისუფლება. ამ მიზნით, ჩვენ ურყევად ვართ ნატოსა და ევროკავშირის ერთგული და ვაძლიერებთ ბუნდესვერს მისი მთავარი მისიის შესასრულებლად – ქვეყნისა და ალიანსის დაცვისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დოკუმენტის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, ამ დროისთვის გერმანიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან მოდის. მისი თქმით, რუსეთის საფრთხე უახლოეს მომავალშიც იქნება შენარჩუნებული.

ბერლინის ახალი სტრატეგია ითვალისწინებს ჯაშუშობისა და დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთოევროპული ტექნოლოგიური ბაზის გაძლიერებას, ასევე, გერმანიის პოტენციალის გაძლიერებას კოსმოსურ ინდუსტრიაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გერმანია თავდაცვის წლიურ ხარჯებს მშპ-ს 2%-მდე გაზრდის.

ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე მუშაობა 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო. გერმანული მედიის ცნობით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ დოკუმენტის ავტორები აიძულა, მნიშვნელოვნად შეეცვალათ თავდაპირველი კონცეფცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები