“კახოვსკაიას ჰესის აფეთქებამ უკრაინის კონტრშეტევა შეაფერხა” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ, რამაც წყლის უკონტროლო გადინება გამოიწვია, უკრაინის კონტრშეტევა შეაფერხა.

თუმცა, მისივე თქმით, რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა ამ მიმართულებით უკრაინელი სამხედროების შეტევა, რადგან მათთვის ამოცანების შესრულება გართულდებოდა.

ამის შესახებ მან რუსეთის სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე თქვა.

“უცნაურ რამეს ვიტყვი, მაგრამ მაინც. სამწუხაროდ, ამან ჩაშალა მათი კონტრშეტევა ამ მიმართულებით. იცით, რატომ სამწუხაროდ? იმიტომ, რომ აჯობებდა, მათი შეტევა ყოფილიყო. ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, მათ შეტევა გაუჭირდებოდათ. წყლის ასეთი გამოდინება მოხდა, შესაბამისად, შეტევაც ვერ შედგა”, – თქვა მან.

კრემლის ლიდერის თქმით, მომხდარის შედეგად ყველა დაზარალებული პირი რუსეთის კანონებისა და სტანდარტების შესაბამისად დახმარებას მიიღებს.

„რაც შეეხება ადამიანებს, ყველა ადამიანს გაეწევა დახმარება რუსული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად. აქ ყველა ეს პირობა ცნობილია, ისინი გაწერილია ჩვენს კანონებში. ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ყველა სხვა მოქალაქისთვის. თითოეული ოჯახისთვის, მე უკვე ვუთხარი მინისტრ კურენკოვს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოძრავი და უძრავი ქონების შეფასებაში“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები