ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, 2024 წლის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს.
ამის შესახებ მან ესპანურ რადიოსადგურ Ondacero-სთან ინტერვიუში თქვა.
დიპლომატმა ივარაუდა, რომ ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ამ კენჭისყრის შედეგებს ელოდება.
“მანამდე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ბორელმა.
მან დასძინა, რომ არ იცის, იყო თუ არა რაიმე კონტაქტები კრემლსა და უკრაინის მთავრობას შორის. ამავდროულად,
დიპლომატმა აღნიშნა, რომ „ჩინელებივით პუტინის მეგობარი რომ ვიყო, ვეტყოდი მას, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და ის რაც შეიძლება მალე უნდა გამოასწოროს“.
„ჩვენ ველით, რომ ამ ომის შესაჩერებლად ჩინეთი გავლენას პუტინზე მოახდენს“, – თქვა მან.
ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროპა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ამის საწინააღმდეგო ხმებიც ისმის.
”ამჟამად, ეს ერთობლივი ძალისხმევა გრძელდება”, – ამბობს ბორელი და ამტკიცებს, რომ ევროსტატის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მომხრეა.
ამის მიუხედავად, როგორც ის აღიარებს, „ნორმალურია, რომ უკრაინის ომი გაცილებით მეტ ყურადღებას იპყრობს სასაზღვრო ქვეყნებში, რომლებსაც უშუალოდ ემუქრებათ საფრთხე და აქვთ გამოცდილება, თუ რას ნიშნავს რუსული შემოჭრა“, ვიდრე ესპანეთში ან პორტუგალიაში, სადაც საზოგადოების ინტერესი იკლებს. ბორელმა ასევე ისინი გააკრიტიკა, ვინც მშვიდობისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტის მომხრეა.
“რა მოხდება შემდეგ? თუ თქვენ შეწყვეტთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი წავა. ჩვენ, ყველას გვინდა მშვიდობა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი მშვიდობა გვინდა,” – თქვა მან.
დიპლომატმა გაიხსენა, რომ ყველა ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან იმყოფებოდა, ერთი და იმავე პასუხით დაბრუნდა, რომ “მას აქვს სამხედრო მიზნები, რომლებიც უნდა შესრულდეს და სანამ მათ არ შეასრულებს, ომი არ შეჩერდება”.