სიღნაღის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულები და სახეიმო დახურვა
სიღნაღის თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც პირველი ფესტივალი შეაჯამა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. 13 სპექტაკლიდან ჟიურიმ გამოავლინა პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული თეატრები.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
პირველი ადგილი – მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „მარინა რევია“ (ჯილდო 15 000 ლარი).
მეორე ადგილი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების მუნიციპალური თეატრის სპექტაკლი „უსამშობლო კაცი“ (ჯილდო 10 000 ლარი).
მესამე ადგილი – სამტრედიის დრამატული თეატრისა და დმანისის სახელმწიფო თეატრის კოპროდუქციული სპექტაკლი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ (ჯილდო 5 000 ლარი).
გამარჯვებულებმა, ფულად პრემიებთან ერთად, კომპანია „ზარაფხანის” მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოებიც მიიღეს. ასევე, ფესტივალის მონაწილე თეატრებს გადაეცათ სპეციალური სიგელები.
3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით სიღნაღის მუნიციპალიტეტმა პირველად უმასპინძლა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით დაფუძნებულ სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს. ფესტივალში მონაწილეობდნენ სახალხო სამოყვარულო თეატრალური დასები, ასევე – პროფესიული სახელმწიფო თეატრები სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით.
თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად ივნისში ჩატარდება. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების წარმოდგენები და ამავე სამოყვარულო დასებისა და სახელმწიფო თეატრების ერთობლივი სპექტაკლები.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი.