სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.1% შეადგინა და ნომინალური მშპ-ს მოცულობა 71.8 მლრდ. ლარს გაუტოლდა. მისივე თქმით, ისევე როგორც წინა წლებში, 2022 წელსაც მთავარ გამოწვევას ინფლაცია წარმოადგენდა, რომელმაც გასულ წელს 11.9% შეადგინა, თუმცა მიმდინარე წელს მისი მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა და გეგმურ მაჩვენებელზე ნაკლებია.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი როგორც შემოსულობების, ისე გადასახადების კუთხით მაღალი მაჩვენებლით შესრულდა. კერძოდ კი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 100.4%, ხოლო გადასახადების შესრულებამ 99.9% შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის თქმით, 2022 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებამ 476.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 101.2%-ს შეადგენს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება კი 178 მლნ. ლარით განისაზღვრა და მისი შესრულების მაჩვენებელმა 100.8% შეადგინა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციისთვის, ასევე ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებისთვის სამინისტროს წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა და 2024 წლის ბიუჯეტის განხილვისას, აღნიშნული მიმართულებების დაფინანსების კიდევ უფრო გაზრდის იმედი გამოთქვა.

კომიტეტებმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს კენჭისყრით მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები