პროკურატურამ თბილისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკის გამოყენებით დაახრჩო. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ”, და „კ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.