კრემლის ნაცნობი ხელწერა – დნეპროჰესი და კახოვკა, ათასობით დაღუპული 1941-ში და დღევანდელი ეკოციდი

82 წლის წინ საბჭოთა სამხედრო ინჟინრებმა დნეპროჰესის ტექნიკური აღჭურვილობა გამოიყვანეს მწყობრიდან და გვიან საღამოს კაშხალი ააფეთქეს. ნამდვილი დამნაშავეების ვინაობა ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ ხმაურდებოდა.

”ნაცისტებმა მთელი თავიანთი შავი სიძულვილი ჩადეს დნეპროჰესის განადგურებაში. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ის არასოდეს აღდგება”, – ამბობდა დიქტორი 1940-იანი წლებში.

აფეთქებების შედეგად ამოსულ წყლის სვეტებს საბოლოოდ უნდა დაერწმუნებინათ მაყურებელი, რომ სადგური სწორედ გერმანელებმა გაანადგურეს – ისინი ჰაერიდან დაბომბეს. ეს ბრალდება დაერთო მესამე რაიხის დანაშაულთა სიას ნიურნბერგის სასამართლო პროცესებზე. მაგრამ, 1980-იანი წლების ბოლოს გამოვლინდა მწარე სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ გააკეთა ეს სინამდვილეში.

სადგურის ტექნიკის განადგურებისა და კაშხლის აფეთქების საიდუმლო ბრძანება მთავარსარდლის, იოსებ სტალინის შტაბიდან მოვიდა. აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლეიტენანტ – პოლკოვნიკი ბორის ეპოვი მოსკოვიდან ზაპოროჟიეში გაფრინდა. უკვე ადგილზე ის ოპერაციას სამხრეთ ფრონტის შტაბის საინჟინრო განყოფილების უფროსთან, პეტროვსკისთან ერთად ხელმძღვანელობდა. NKVD-ს 157-ე პოლკი დნეპროჰესის ყველა საკვანძო შესასვლელს ადევნებდა თვალყურს, რომ ზედმეტ თვალს არ დაენახა, თუ ვინ დაეშვა სინამდვილეში კაშხალზე.

ვერმახტის ორი სატანკო დივიზია ზაპოროჟიეს 1941 წლის 16 აგვისტოს მიუახლოვდა. მათ საბჭოთა არმია უნდა დაეკავებინათ – უპირატესობა აშკარად არ იყო გერმანელების მხარეზე. თუმცა, საბჭოთა ჯარების პანიკურმა განწყობამ, რომელიც ომის პირველ თვეებში ჭარბობდა, თავისი საქმე გააკეთა: წითელი არმია შემთხვევით გაიქცა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. უკან დახევის დასაფარად კუნძულ ხორტიცაზე, დაახლოებით 3 ათასი მებრძოლი დარჩა.

მოგვიანებით ირკვევა, რომ ზაპოროჟიე დნეპროჰესთან ერთად, გერმანიის შეტევისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, არ იყო საჭირო სადგურის ნაჩქარევად აფეთქება. შესაბამისად, სახიფათო ტერიტორიებიდან ჯარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ადრეული ევაკუაცია, არ ჩანდა რთული.

თუმცა, ამ ომმა აჩვენა, თუ რამდენად უგულებელყო მისმა მთავრობამ ადამიანთა სიცოცხლე.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ აფეთქებისთანავე – რომელმაც მოულოდნელად მოიცვა კაშხლის 165 მ, დაგეგმილი 40-50 მ-ის ნაცვლად – 25-30 მ სიმაღლის ტალღა აღიმართა დნეპრზე, დაანგრია სანაპირო სოფლები. მორევებში 100 ათასი ადგილობრივი მცხოვრები და ლტოლვილი და 20 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა. ასეთი საზარელი ციფრებია მოყვანილი სამეცნიერო სტატიებში.

თუმცა, ისტორიკოსი ვლადიმერ ლინიკოვი მიიჩნევს, რომ კატასტროფის მასშტაბები გარკვეულწილად გადაჭარბებულია. კერძოდ, თვითმხილველთა ჩვენების გამო. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის წარმოდგენა ადვილია, რადგან აფეთქება დაახლოებით 20:15 საათზე მოხდა და წყალი მთელი ღამე მატულობდა. მაგრამ, მკვლევარის გამოთვლებით, ის 6 მ-ზე მაღლა ვერ ავიდა, ხოლო დნეპრის დინების მიმართულებით 15 კილომეტრის შემდეგ, მას აღარ გააჩნდა დამანგრეველი ძალა.

რა თქმა უნდა, წყალმა ხალხი უახლოეს სოფლებში ქოხების სახურავებსა  და მაღალ ხეებზე აიყვანა. თუმცა, თითქმის ყველა ეზოში იყო ნავები. მათზე ადგილობრივებმა თავი გადაარჩინეს და ასევე ამოჰყავდათ წითელი არმიის ჯარისკაცები, რომლებიც ხეებს ეჭიდებოდნენ.

თვითმხილველები იმ სურათმა უფრო გააოცა, რაც სამი დღის მერე ნახეს. როდესაც წყალმა დაიწია  ხეებზე დამხვრჩვალი ადამიანების სხეულები დარჩა. ლინიკოვი განმარტავს: „და მაინც, თუ ადამიანმა ნახა 500 ასეთი გვამი, მაშინ ეს ბევრია. და ვინც დაინახა, შეიძლება, გააზვიადა კიდეც“. ზაპოროჟიელი ისტორიკოსის თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება, მერყეობდეს 3 ათასის ფარგლებში, რაც, რა თქმა უნდა, არ ამცირებს დანაშაულის სიმძიმეს.

კაშხლის ნგრევა მოულოდნელი იყო სამხრეთ ფრონტის ხელმძღვანელობისთვის. ეს გერმანელი აგენტების დივერსიად მიიღეს  – ეპოვი და პეტროვსკი მაშინვე დააკავეს. მოსკოვში კი მთავარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის  განყოფილების  უფროსმა, ლევ მეხლისმა,  მიიღო დეპეშა მისი ხელქვეითი მამონოვისგან ზაპოროჟიედან: „დნეპროჰესის აფეთქებამ სამი ათასი ადამიანი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, რომლებიც იმ დროს იმყოფებოდნენ კუნძულ ხორტიცაზე. ამ აფეთქების დამნაშავეები დააკავეს და სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა“.

სტალინს მოახსენეს: „როგორც გამოძიებით დადგინდა, კაშხლისა და დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება განხორციელდა ნებართვის გარეშე,  ლეიტენანტ – პოლკოვნიკ პეტროვსკის და გენერალური შტაბის წარმომადგენლის მიერ. ცალკეული კვლევითი სამხედრო საინჟინრო ინსტიტუტის ხელმძღვანელი 1-ელი რანგის სამხედრო ინჟინერი ეპოვი, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს განაცხადა, რომ მან პირადად გასცა ბრძანება აფეთქების განხორციელების შესახებ განმარტა, რომ ბრძანება სამხრეთ ფრონტის განყოფილების უფროსისგან მიიღო.  პეტროვსკიმ წინასწარი დაკითხვისას განაცხადა, რომ ასეთი ბრძანება არ გაუცია. პეტროვსკი და ეპოვი დაკავებულები არიან და გამოძიება მიმდინარეობს. ხიდის (ხორტიცას მარცხენა ნაპირთან დამაკავშირებელი) და კაშხლის ნაადრევმა აფეთქებამ, ბრძოლის მდგომარეობა გაართულა, გამოიწვია ზედმეტი მსხვერპლი და გაუადვილა მტერს მდინარე დნეპრზე გადაადგილება“.

მოსკოვიდან უპასუხეს: „სასწრაფოდ გაათავისუფლეთ დაკავებულები ზედმეტი დაკითხვის გარეშე და მათგან მიღებული მონაცემები მომავალში არ გაახმაუროთ“.

გერმანელებმა ზაპოროჟიე თვე-ნახევრის შემდეგ აიღეს. ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, სადგური შეკეთდა, თუმცა, უკან დახევის შემდეგ, კვლავ გამოიყვანეს მწყობრიდან. თუმცა კრემლმა  დანაშაული დაქვემდებარებული მოსახლეობისთვის ნაცისტების სისასტიკედ შეფუთა.

ისევე, როგორც 6 ივნისის ღამეს კახოვკასკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ.

რუსმა ოკუპანტებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დისტანციურად აფეთქებისთვის ხერსონის რეგიონში ასაფეთქებელი ნივთიერებები და აღჭურვილობა გადაიტანეს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

აშშ გეგმავს სადაზვერვო მონაცემების გასაიდუმლოებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კატასტროფაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორი ამერიკელი და ერთი დასავლელი ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატების მთავრობას აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც კაშხალზე თავდასხმაში დამნაშავე რუსეთია.

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ეს გამოიწვევს არა მხოლოდ მიმდებარე სოფლების და ხერსონის დატბორვასაც კი, არამედ – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაგრილების და სამხრეთ უკრაინის წყალმომარაგების პრობლემებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ ეს არის დარტყმა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ კატასტროფა გავლენას მოახდენს სამხრეთ უკრაინის სარწყავ სისტემაზე.
წყლისა და თევზაობის საკითხებში ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინის მეთევზეთა თემის“ პრეზიდენტი, ანდრი ნელიპა მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება როგორც ხალხს, ასევე – ამ რეგიონის მთელ ეკოსისტემას.
„თუ სარწყავი სისტემები არ იმუშავებს, სოფლის მეურნეობა დაზარალდება. წყალსაცავის შევსება მხოლოდ გაზაფხულზეა შესაძლებელი. სხვა საკითხებთან ერთად, ნადგურდება ფაუნა და ფლორა, იღუპება მრავალი ცხოველი, მოსალოდნელია მიწების დაჭაობება და რეგიონის კლიმატური რეჟიმის შეცვლა. ასევე, ქვიშიანი ფსკერის გახსნის შედეგად, მოსალოდნელია ახალი უდაბნოს წარმოქმნა, თანმხლები კლიმატური შედეგებით, როგორიცაა ნალექის შემცირება, მტვრის ქარიშხლის გამოჩენა და რეგიონში ტემპერატურის ზოგადი მატება, რაც, თავის მხრივ, შექმნის გვალვის რისკს უკრაინის ცენტრალურ და სამხრეთის მინდვრებში”, – ამბობს ნელიპა.
მისი თქმით, „ამ ტერორისტული აქტის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი და გამოუსწორებელი იქნება. დაზარალდება მთელი ეკოსისტემა. ამიტომ ეს, ფაქტობრივად, ნამდვილი ეკოციდია“.
აღნიშნულს ადასტურებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და აცხადებს, რომ „კახოვსკაიას კაშხლის განადგურება ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს საფრთხეს უქმნის და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“.
მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ახაცდებს, რომ ეს არის კიევის მიზანმიმართული დივერსია, რაზეც პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას ეკისრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები