ოპერაციის მოლოდინში გორის ცენტრში მამაკაცი გარდაიცვალა

  დღეს გორის ცენტრში, ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფთიაქების ქსელთან, 1952 წელს დაბადებული ალექსანდრე ქ-შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. პოლიციის პიკაპით სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილ მოქალაქეს ადგილზე გარდაცვალება დაუფიქსირეს. სავარაუდო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ჰოსპიტალის მიმღებში მიაწოდეს. 10-15 წუთის შემდეგ ჰოსპიტალში გარდაცვლილის ახლობლებიც მიიყვანეს.
როგორც გაირკვა, 62 წლის მამაკაცი გულის ოპერაციის გაკეთებას და, საამისოდ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებიდან დასტურსაც ელოდებოდა. ამის შესახებ ჰოსპიტალში მისული ახლობლები საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ოპერაციის გასაკეთებლად დასტური გვიანდებოდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ჰოსპიტალში მყოფ ახლობლებთან დამატებითი გასაუბრების საშუალება აღარ მიეცა, რადგან ობიექტი ჟურნალისტებისგან ,,დაცული ტერიტორია” აღმოჩნდა და სამხედრო პოლიციის რეგიონალურ უფროსთან გადარეკვის შემდეგ არ შეგვიშვეს.
დამატებით დეტალებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად არკვევს. გარდაცვლილი გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა.

წყარო: qartli.ge/web/17222

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები