“2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა, ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!” – კახა კალაძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე
თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ, ისტორიაში პირველად, უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.
„ყველაზე ცუდი და აღმაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ის, რომ თურმე, ისტორიაში პირველად, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. 2008 წელი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!
ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი თავის, ქვეყნის ფასი უნდა ვიცოდეთ. ის გზა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია, არაერთხელ გაგვიჟღერებია – ეს არის ევროპული მომავალი. მაგრამ, ამ რთულ გზაზე, ასეთი განცხადებების მოსმენა დიდ ბრაზს იწვევს პირადად ჩემში, ადამიანში, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და ეამაყება, რომ არის ქართველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ, პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.