გიორგი ვოლსკი: იმ ლოგიკით, რასაც ნაცრევკომი პრემიერმინისტრის სიტყვების ინტერპრეტაციისას გვთავაზობს, გამოდის, ფონ დერ ლაიენი გვაფრთხილებს, ხელი ავიღოთ ევროპული ოჯახის წევრობაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“იმ ლოგიკით, რასაც ნაცრევკომი პრემიერმინისტრის სიტყვების ინტერპრეტაციისას გვთავაზობს, გამოდის, ფონ დერ ლაიენი გვაფრთხილებს, ხელი ავიღოთ ევროპული ოჯახის წევრობაზე”, – წერს ვოლსკი.
ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არის ბრძოლა ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის წინააღმდეგ. პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის – დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, საკუთარი ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებისთვის. აი, ამისთვის იბრძვის უკრაინა და ამის ჩახშობა სურს პრეზიდენტ პუტინს“.
ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ამავე ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება.
კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ომი 2022 წელს უკრაინასთან? – პრემიერმა ასე უპასუხა:
„არ მგონია, მე ვიცოდე, ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.