ირაკლი კობახიძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“: 13 წელია, ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს – ბრეჟნევის შემდეგ ასეთი ხელმძღვანელობის სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ჩატარებული ღონისძიება გასაოცარია მაშინ, როდესაც ორგანიზაციას 13 წელია, ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს.
მისივე თქმით, ბრეჟნევის შემდეგ ასეთი ხელმძღვანელობის სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია.
„ეს კონფერენცია ეძღვნება შიდაპარტიულ დემოკრატიას და ამას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია, ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს. ბრეჟნევის შემდეგ ასეთი ხელმძღვანელობის სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია. ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე, ეს უბრალოდ გასაოცარია. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, არის უამრავი დასავლური ქვეყანა, სადაც შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი არის ბევრად უფრო მაღალი. ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი და დრო დასჭირდება იმ სტანდარტების მიღწევას, რაც არის დამკვიდრებული ევროპულ ქვეყნებში. დროთა განმავლობაში დაიხვეწება შიდაპარტიული დემოკრატიული კულტურაც და ეს ვითარება, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება საქართველოშიც“, – განაცხადა კობახიძემ.