ანრი ოხანაშვილი: სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ
ჩვენი მიდგომაა, შემოგვთავაზონ კონკრეტული კანდიდატები, ნახევარი მაინც, თუმცა აქამდე არავითარი კონსულტაცია და ინტერესი, რომ ისინი შემოვიდნენ კონსულტაციაში, არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
„სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ. მზად ვართ კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ კანდიდატებს დავუჭიროთ მხარი. აქაც იკვეთება, რომ მათი ინტერესი არ არის ევრორეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილი წარმოდგენილი კანდიდატებიდან მხარს არცერთს უჭერს. მმართველი გუნდის წევრები ოპონენტებს პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება არ სურთ.
წინა სასესიო კვირას პარლამენტმა საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი დაამტკიცა. ახალი წევრები მაღალი კვორუმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრების ხმების დახმარებით აირჩიეს.