ევროპული საბჭო: შარლ მიშელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის როლს ევროპულ გზაზე ქვეყნის წინსვლისა და პარტიებს შორის არსებული განხეთქილების დაძლევაში

პრეზიდენტმა მიშელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის როლს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისა და პარტიებს შორის არსებული განხეთქილების დაძლევაში. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომელიც მათ ვებგვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ევროპული საბჭოს ცნობით, პრეზიდენტებმა საქართველოს რეფორმების განხორციელებაში დარჩენილი გამოწვევები და 12 პრიორიტეტი განიხილეს.

„30 მაისს პრეზიდენტი მიშელი საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა.

პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა მიშელმა გაიხსენა ევროპის საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაიმეორა მისი მტკიცე რწმენა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

პრეზიდენტმა მიშელმა გაიხსენა, რომ კომისია შემოდგომის „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში მოამზადებს ანგარიშს იმ თორმეტი პრიორიტეტის განხორციელების შესახებ, რომელთა განხილვაც საქართველოს სთხოვეს. ამ მოხსენების შემდეგ, პრეზიდენტი მიშელი აპირებს შემდეგი ნაბიჯების საკითხი ევროსაბჭოს დღის წესრიგში 2023 წლის ბოლო კვარტალში დააყენოს.

პრეზიდენტებმა საქართველოს რეფორმების განხორციელებაში დარჩენილი გამოწვევები და 12 პრიორიტეტი განიხილეს. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

სიღრმისეული სტრუქტურული რეფორმების რიგისთვის პარლამენტში გაძლიერებული უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ინკლუზიურობისა და ინტერპარტიული თანამშრომლობის საჭიროებას.

პრეზიდენტმა მიშელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის როლს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისა და პარტიებს შორის არსებული განხეთქილების დაძლევაში. მან მიიღო მისი მოწვევა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვიოს“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები