მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა გვყავდეს არა დროებითი, არამედ – შესაბამისი ვადით არჩეული საარჩევნო კომისია
“ქვეყანას უნდა ჰყავდეს არჩეული საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალი ლეგიტიმაციით, ისევე – როგორც ეს ხდება გამონაკლისის გარეშე, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს არა დროებითი, არამედ შესაბამისი ვადით არჩეული საარჩევნო კომისია. „დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ჰყავთ 2 წლის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დროებითი ადმინისტრაცია. ვერ დამისახელებთ, იმიტომ რომ არ არის. ჩვენთან უნდა იყოს მაინც და მაინც, რომ აირიოს სიტუაცია. მხოლოდ ეს ერთი მიზანი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვყავდეს არა დროებითი, არამედ შესაბამისი ვადით არჩეული საარჩევნო კომისია და ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც გავა და მხარდაჭერილი იქნება ჩვენ მიერ“, – განაცხადა მდინარაძემ.