ქეთევან თურაზაშვილი: ჩვენ ვალდებულნი ვართ, შევქმნათ სრულფასოვანი სასამართლო სისტემა, თუნდაც ეს მოითხოვდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს
„ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, საზოგადოების და მომავალი თაობის წინაშე შევქმნათ სრულფასოვანი სასამართლო სისტემა, თუნდაც ეს მოითხოვდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები” წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის წევრმა თავის გამოსვლაში ქვეყანაში სასამართლო სისტემის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სასამართლოს გამართული ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან. ჯანსაღი სასამართლო სისტემის არსებობა სახელმწიფოს განვითარების წინაპირობაა. სასამართლოს რეალური და არა ფასადური რეფორმა იქნება წინაპირობა არა მარტო ამ ქვეყნის გამდიდრების და დიდი ინვესტიციების მოზიდვის, არამედ თითოეული მოქალაქის დაცულობის და თავისუფლების განცდის, მაგრამ „ქართული ოცნება” რატომღაც ამას არ აკეთებს და პირიქით, ცდილობს, დღევანდელი მანკიერი მოცემულობა სასამართლოში გაძლიერდეს”, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.