დემარში უსაფუძვლოა, რადგან ვერცერთ ფაქტს ვერავინ დაასახელებს, რომ საქართველო გამოყენებული იყო რომელიმე სანქციის გვერდის ასავლელად,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთ ნაბიჯს დგამენ პარტნიორები.
„გვახსოვს ცოტა ხნის წინ, ანალოგიური დემარში იყო სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრთან და ორიოდე კვირის უკან ვნახეთ ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. მგონი, ყველაფერს გაეცა კიდევ ერთხელ პასუხი იმ დემარშთან დაკავშირებითაც, ხელოვნურად მოგონილ ჭორებთან დაკავშირებით, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი, ადვოკატები და მისი თანაგუნდელები ცდილობდნენ ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საზიანოდ რომ დაემტკიცებინათ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამაზე ძალიან მტკიცე პოზიცია დააფიქსირა და თქვენ ნახეთ რომ ენა ჩაუვარდათ, ელემენტარულად ვეღარაფერს ვეღარ ამბობენ.
ახლა რაც შეეხება დემარშს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებაში ვერცერთ ფაქტს ვერავინ ვერ დაასახელებს დღემდე, რომ საქართველო გამოყენებული იყო რომელიმე სანქციის გვერდის ასავლელად. ეს არც მომხდარა, არც მოხდება არასოდეს. ამაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს არასოდეს გადადგამს ნაბიჯი, რომლითაც რუსეთის მიმართ რაღაც სანქციების გვერდის ავლა მომხდარა. ფრენების აღდგენაზე როდესაც არის საუბარი პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ საზღვარი არასოდეს დაკეტილა, საზღვარი მოქმედი იყო და ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა უნდოდათ ტრანზიტულ გზებს იყენებდნენ, მაინც ჩამოდიოდნენ. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ, 2008 წელს თვითონ სააკაშვილის პერიოდში აღდგა პირდაპირი მიმოსვლა, მაშინ კაციშვილს არ ანაღვლებდა. უმნიშვნელოვანესი ამ კომპონენტიდან არის ის, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ცალმხრივად მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ მათ ცალმხრივად გააუქმეს ავიამიმოსვლის შესაძლებლობა. რაც მთავარია რეისებს ასრულებენ მხოლოდ და მხოლოდ ის ავიკომპანიები, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არ არიან შესული. ვერცერთი ის ავიაკომპომპანია, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არიან შესული ვერ განახორციელებს რეისებს, ამიტომ საფუძველი ამ დემარშის აბსოლუტურად არ არსებობს, მართლაც გაუგებარია და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯი იდგმება ასეთი პარტნიორების მხრიდან მაშინ, როცა ვნახეთ, რომ სულ ახლახან ერთი ასეთი დემარში რა პასუხით იქნა გაცემული ევროპის უმაღლესი ინსტანციის ადამიანთა უფლებების ევროპულის სასამართლოს მიერ“, – განაცხადა მიქანაძემ.