ირაკლი კობახიძე: დღეს იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით კენჭისყრა არ იქნება
“დღეს იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით კენჭისყრა არ იქნება. ჩვენ დროს დავიტოვებთ, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები, შეზღუდული არ არის ეს პროცედურა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციის უმრავლესობის იმედი არ აქვს, რადგან მათ 12 რეკომენდაციის შესრულება არ სურთ.
“დღეს იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით კენჭისყრა არ იქნება. ჩვენ დროს დავიტოვებთ, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები, შეზღუდული არ არის ეს პროცედურა, დარჩენილია მესამე ტური, გავაგრძელებთ კონსულტაციებს და იმედი გვაქვს, აუცილებლად მოხერხდება დარჩენილი ორი წევრის არჩევაც, რითაც შესრულდება 12 პუნქტი ჩვენი მხრიდან. მუდმივ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები, მათ შორის, საჯაროდაც ვთავაზობთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ კანდიდატებს. ამით ისინი გამოხატავენ საკუთარ ერთგულებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. ისინი გარკვეულ წვლილს შეიტანენ 12 პუნქტის შესრულებაში. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. ოპოზიციის უმრავლესობის იმედი არ გვაქვს, მათ არ სურთ, შესრულდეს 12 პუნქტი, აქედან გამომდინარე, ალბათ, უმეტესობა მხარს არ დაუჭერს რეკომენდაციების შესრულებას ამ ნაწილში. თუმცა, 90 ხმის მოგროვება შესაძლებელია და ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.