არჩილ თალაკვაძე: 26 მაისის ღონისძიებას ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა
“26 მაისის ღონისძიებას ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა – ვისაც გინდათ, რომ პოლიტიკური სკანდალი შექმნათ, მინდა მოკრძალებით გირჩიოთ, გაიხსენოთ თქვენი ფავორიტი ლიდერები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე დადიოდნენ შოპინგზე, სახელმწიფოს ხარჯზე იტარებდნენ რეკრეაციულ პროცედურებს”, – ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სპორტდარბაზში იმყოფებოდა.
თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია დღეს საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში დგას.
“ამ ღონისძიებას ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა, ეს იყო პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისად, სპეკულაციები უადგილოა. იმ ადამიანებს, ვისაც გინდათ, რომ აქედან პოლიტიკური სკანდალი შექმნათ, მინდა მოკრძალებით გირჩიოთ, გაიხსენოთ თქვენი ფავორიტი ლიდერები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე დადიოდნენ „შოპინგზე“, სახელმწიფოს ხარჯზე იტარებდნენ რეკრეაციულ პროცედურებს, ადამიანებმა ყველაფერი სახელმწიფოებრივი ფეხქვეშ გათელეს. რადიკალური ოპოზიცია დღეს დგას საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში, ის არ არის ხელისუფლების ოპონენტი. ბუნებრივია, ფაქტი, რომ 26 მაისს ამდენი პროვოკაცია დაიგეგმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩრდილი მიეყენებინათ მნიშვნელოვანი თარიღისთვის, კიდევ ადასტურებს ვისთან გვაქვს საქმე.
როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცეოდნენ, ისე იქცევიან ოპოზიციაში. მაშინაც ყველაფერ ეროვნულ და ფასეულს ფეხქვეშ თელავდნენ, დღეს დაკავებულები არიან იგივე საქმით. ამიტომ ვუწოდებთ მათ რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ განაგრძოს განვითარება, თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ ოჯახში, რომლის წინააღმდეგაც მუშაობენ ჩვენი ოპონენტები“,- აღნიშნა თალაკვაძემ.