ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას

ევროკავშირი გმობს რუსეთისა და ბელარუსის შეთანხმებას ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი შემდგომში უკიდურესად სახიფათო ესკალაციას გამოიწვევს.

საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომელიც რუსეთმა აიღო ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ბელარუსმა ყველა ბირთვული იარაღის ლიკვიდირება მოახდინა საკუთარი ტერიტორიიდან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს ვალდებულებები.

ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაფრით პროვოცირებული აგრესიული ომის თანამონაწილეა. ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა და შეცვალონ გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის გაზრდას და ძირს უთხრის ბელარუსის სუვერენიტეტს.

სიტუაციის შემდგომი ესკალაციის ნებისმიერ მცდელობას ძლიერი და კოორდინირებული რეაქცია მოჰყვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ბირთვული იარაღი განთავსდება ბელარუსში. როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, გარკვეული ტაქტიკური ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსში გადატანა უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები