რუსული მედიის ცნობით, ბაქო და ერევანი ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარებაზე შეთანხმდნენ.

როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიული საბჭოს სამიტზე განაცხადა.

„ამის საფუძველზე ჩვენ კარგად მივიწევთ წინ ჩვენი ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით“ , – აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, მან საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი გაიხსენა.

„იმედი მაქვს, რომ ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი მოკლე დროში დაიწყება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დასძინა, რომ ქვეყანას არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ.

„ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ოფიციალურად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად“, – განაცხადა აზერბაიჯანის მეთაურმა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს, რომელიც ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ეფუძნება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრა ყველა უთანხმოების განხილვას შეძლებს.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შევთანხმდეთ იმაზე, რაც აშკარაა ეკონომიკური განვითარების ინტერესების სფეროში როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის, ასევე მთელი რეგიონისთვის. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება დრო სამმხრივ ფორმატში ამ ყველაფრის დეტალურად განხილვისთვის“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მხარეთა პრინციპული შეთანხმებების მნიშვნელობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება შეიძლება გახდეს კონსენსუსის საფუძველი სხვა მეორეხარისხოვან საკითხებზე, თუმცა მათ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ცნობისთვის, დღეს პუტინი ალიევთან და ფაშინიანთან ორ ორმხრივ შეხვედრას გამართავს, რასაც სამმხრივი მოლაპარაკებები მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები