ექიმი კირშნერი – საოცარი კაცი, რომელმაც ჰიტლერს მეგობრობაზე უარი უთხრა

არის ერთი გერმანელი ექიმი, მარტინ კირშნერი, რომლის ამბავიც „ვიკიპედიაზე“ ასე გაკვრით, სხვათა შორის წერია, თითქოს ერთი უბრალო ექიმის ისტორიაა. არადა, კირშნერი, გარდა იმისა, რომ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ქირურგიულად მკურნალობის პირველგამკვალავია, არის საოცარი თავგადასავლის კაცი.

კირშნერი თავისი დროის სამედიცინო სფეროშიც კი სრულიად უმნიშვნელო ადამიანი იყო. იმისთვის, რომ თერაპევტობისთვის (რაც ასე სძულდა) თავი დაეღწია, ქირურგობა სცადა და მუშაობდა ასისტენტად ცნობილ პროფესორთან, ტრენდელენბურგთან. ექიმების „ტუსოვკებზეც“ კი არავინ ეძახდა ამ კაცს, რომელიც ოცნებობდა ერთადერთ რამეზე: უფრო მაღალი ხელფასი ჰქონოდა (ამით ძალიან მაგონებს იოჰან სებასტიან ბახს, ეპოქას რომ ქმნიდა და ჰერცოგის კარის მუსიკოსობაზე კი ოცნებობდა).

მსახურობდა ჯარშიც, საიდანაც მალე ერთმა ჰერცოგმა თავის „ამალაში” გადაიყვანა და პირად ექიმად დაიყენა. სადაც მოგზაურობდა, თან ატარებდა კაცს. კირშნერს ხელფასი გაუჩნდა, მაგრამ ხელის ბიჭობა კი მობეზრდა და საუნივერსიტეტო კლინიკაში გააგრძელა მუშაობა.

კირშნერი თავისუფალ დროს ექსპერიმენტებს ატარებდა ავადმყოფ ძაღლებზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობა შეეძლო. სამი წელი ემზადებოდა თავისი დიდებისთვის. საოპერაციო მოწყობილობა 3 წელი ჰქონდა ჩადებული სპირტში, რომ დეზინფექციისთვის საჭირო მომენტში დრო არ დაეხარჯა. ასეთი მომენტიც დადგა – კლინიკაში, სადაც ის მუშაობდა, 38 ქალი გარდაიცვალა. მკურნალმა ექიმმა დაადასტურა პულსის არარსებობა, სარკეც არ იორთქლებოდა. ქალი იმ ქვეყნის გზაზე გასამგზავრებლად გაამზადეს… და კირშნერმაც არ დააყოვნა, ქალი საკაცეზე გადააწვინა და დერეფანში საკუთარი ხელით გააქანა საოპერაციოსკენ.

120 ნაბიჯი იყო პალატიდან საოპერაციომდე. კირშნერმა თვითონ ატარა პაციენტი და ამაში რამდენიმე ძვირფასი წამი დაკარგა, მაგრამ, სამაგიეროდ, პაციენტს ანესთეზია არ სჭირდებოდა და საჭირო ინსტრუმენტებიც დეზინფიცირებული იყო. ხელები დაიმუშავა და ოპერაცია დაიწყო.

5 წუთზე ნაკლებ დროში ქირურგმა ოპერაციის გაკეთება მოასწრო. ქალი 3 კვირაში საკუთარი ფეხით, ტრამვაით მივიდა იმავე კონფერენციაზე, სადაც მისი ექიმი სიტყვით გამოდიოდა. და მსოფლიო მედიცინამ ახალი სასწაული იხილა.

ეს იყო 1924 წელს. რამდენიმე წელიწადში ჰიტლერმა კირშნერი ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტად აარჩევინა. ერთ წელში კირშნერმა ახალ კვლევაზე მუშაობა მოიმიზეზა და ნაცისტებს ასე დაუსხლტა. ის არასოდეს შესულა პარტიაში, თუმცა ძალიან სჭირდებოდათ ნაცისტების პროპაგანდისტებს. მარტინ კირშნერს ერთ წამში შეეძლო ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა გამხდარიყო, ჰიტლერი მას უახლოესი ადამიანების წრეში ეპატიჟებოდა, მაგრამ მარტინს არ მოსწონდა რეჟიმი და თავს აღწევდა ამ ხიბლს.

ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლომდე (1942) ის ლექციებს კითხულობდა ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ის არასდროს ესალმებოდა საკუთარ სტუდენტებს ნაცისტური ჟესტით, რაც, იმ დროს სამშობლოს ღალატის ტოლფასი დანაშაული იყო.

62 წლისა სიმსივნით დაავადდა. საკუთარმა სტუდენტმა გაუკეთა ოპერაცია და დააიმედა, რომ ყველაფერი კარგად იყო. კირშნერი პროფესიონალი იყო, ასეთ რამეს ვერავინ მოატყუებდა, მეორე დღესვე დაწერა ანდერძი, რომ მისი დაკრძალვა ცერემონიების გარეშე ყოფილიყო, საფლავზე კი, მხოლოდ 1. 3-18 დაეწერათ.

ესაა იოანე ღვთისმეტყველის პირველი ეპისტოლეს მესამე თავის მეთვრამეტე მუხლი: „შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.”

კირშნერის დაკრძალვაზე რამდენიმე მეგობარი და პასტორი იყვნენ. ეს დიდი ექიმი თავისივე დიდებამ დაიტია.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები