რატი იონათამიშვილი – სააკაშვილზე: ეს ადამიანი ურცხვად ცდილობდა, რომ დაეზიანებინა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რაშიც იხდიდა მილიონობით დოლარს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ლაპარაკობს ადამიანი, რომლის ავტორობითაც ევროსაბჭოში ძალიან მძიმე რეზოლუციას დაუჭირა მაშინ ქართულმა დელეგაციამ მხარი და ვინც რეგიონში ყველაზე მეტად აკეთებდა რუსულ საქმეს, ძალიან უხერხულია. მას თუ რაიმე საუბარი კიდევ უნდა გაებედა საზოგადოების წინაშე, მე ვფიქრობ, რომ მას ბოდიში უნდა მოეხადა იმ გასტრონომიულ ფალსიფიკაციაზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა წერტილი. ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ურცხვად ცდილობდა, რომ დაეზიანებინა ჩვენი ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე და ამაში ის, მისი ოჯახის წევრები და პარტია იხდიდნენ მილიონობით დოლარს. სანამ რამეს დაწერს, პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ცრუ კამპანიაზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. მას მორალური უფლება არ აქვს, კიდევ რაიმე მაღალ მატერიებზე ელაპარაკოს ჩვენს საზოგადოებას, ვინაიდან ეს არ იყო ბრძოლა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა, რომელშიც ისინი მილიონობით დოლარს იხდიდნენ“, – აცხადებს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ თუ შემეძლება, დავბრუნდე ჩემს სახლში უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები