„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.
„მოხარული ვართ, რომ უკვე არჩეულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი. მათ დააგროვეს 90-ზე მეტი ხმა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის მოცემულობა სახალხო დამცველის არჩევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდა ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებასთან, კომპეტენციასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რადიკალურმა ოპოზიციამ არათუ არ დაუჭირა მას მხარი, არამედ პირიქით, წარმოებდა ბულინგი იმ ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციიდან დაუჭირეს მხარი იოსელიანის კანდიდატურას. იქაც იგივე მიზეზი იყო – რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. დღესაც ეს იყო მორიგი ტესტი – მე მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, გვარების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატებს. გაგრძელდება პროცედურები და იმედი გვაქვს, რომ, საბოლოოდ, მოვახერხებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთივე წევრის არჩევას“, – განაცხადა კობახიძემ.