“საქართველოსთვის”: მივმართავთ პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი – “საქართველოსთვის” საქართველოს პარლამენტის აპარატს მიმართავს, გასაჯაროვდეს დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.
როგორც “საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს, რომ პარლამენტის აპარატს ანალოგიური მოთხოვნით მიმართონ.
“საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.
ანალოგიურად მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტს აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია.
საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე!”, – წერია განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.