“ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა” – ანა წითლიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ხმა ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ მისცა, თუმცა, დანარჩენი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
„ეს არის ძალიან სამარცხვინო. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და ამ ადამიანებმა უნდა ახსნან, რას დაუჭირეს მხარი. ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ ხუთ ადამიანში ოპოზიციის მხრიდან, მე მომხრე ვარ, რომ ამ ადამიანების სახელი და გვარი გასაჯაროვდეს. რატომ მიიღეს იმაში მონაწილეობა, რომ „კლანის“ წევრებს დაუჭირეს მხარი? ნიკა მაჭუტაძემ დაადასტურა ჩემთანაც.
მისი არგუმენტი, რომ ეს ყოფილა 12- პუნქტიან გეგმაში შემავალი რეკომენდაცია, ჩემთვის მიუღებელია, ეს არის არასწორი. ჯერჯერობით, ვარკვევთ, ვინ არიან ეს ადამიანები. ინფორმაციის მოძიება არის რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ბაჩუკი ქარდავა, ნატო ჩხეიძე დღეს სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა არ იქნება სწორი, დაუზუსტებლად ვთქვა მათზე რამე“, – განაცხადა წითლიძემ.