ალეკო ელისაშვილი: დიდი “ბასტი ბუბუ” ხდება პარლამენტში – რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი “ოცნების” სასარგებლო რამდენიმე კანდიდატს
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დიდი “ბასტი ბუბუ” ხდება პარლამენტში. რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი ოცნების სასარგებლო რამდენიმე კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის და მერე დარბაზიდან გავიდა. მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ. მიდის ახლა გარკვევა, ვინ დააჭირა და ვინ არა. ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა… “ბასტი ბუბუა” მართლა”, – წერს ელისაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.