ევროკავშირმა ევროპარლამენტის არჩევნების თარიღი დაამტკიცა
ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წელს, 6-დან 9 ივნისამდე გაიმართება.
ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის, ჯესიკა როსვოლის წერილში, – წერს EurActiv-ი.
როგორც დოკუმენტშია განმარტებული, გამომდინარე იქიდან, რომ წევრმა ქვეყნებმა ვერ მიიღეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობა კენჭისყრის დღეებს ივნისის დასაწყისში განსაზღვრავს.
რობერტა მეცოლას შეთავაზება იყო არჩევნების ჩატარება 23-26 მაისს.
3 მაისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში არჩევნების წესების გადახედვას, რაც ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაში ხალხის როლს გააფართოებს და საშუალებას მისცემს მათ, ხმა მისცენ ევროპარლამენტის დეპუტატებს.
ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, თითოეულ ამომრჩეველს ორი ხმა ექნება: ერთი, ევროპარლამენტარების ეროვნულ ოლქებში ასარჩევად, ხოლო მეორე, ევროკავშირის ოლქში, საიდანაც 28 დამატებითი ადგილი აირჩევა.
ამ სიებში დაბალანსებული გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, წევრი სახელმწიფოები დაიყოფიან სამ ჯგუფად მათი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
სიები ამ ჯგუფების კანდიდატებით პროპორციულად შეივსება.
კანდიდატების საერთოევროპული სიები უნდა იყოს წარმოდგენილი ევროპული საარჩევნო სუბიექტების მიერ, როგორიც არის – ეროვნული პოლიტიკური პარტიების კოალიციები და/ან ამომრჩეველთა ეროვნული ასოციაციები, ან ევროპული პოლიტიკური პარტიები.