იაროსლავ კაჩინსკი: ევროკავშირი ნამდვილად არასწორი მიმართულებით მიდის

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ნამდვილად არასწორი მიმართულებით მიდის.

პოლონური მედიის ცნობით, ამის შესახებ კაჩინსკიმ სილეზიის ორდენის კონფერენციის მონაწილეებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომლის თემა იყო „რამდენი ევროპაა ევროკავშირში?“.

„ამაზე პასუხი ასეთი უნდა იყოს: სულ უფრო და უფრო მცირე. რასაკვირველია, ვგულისხმობ ევროპას ტრადიციული გაგებით, ანუ ევროპას, რომელიც იზრდება სამი ტრადიციიდან: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და იუდეურ-ქრისტიანული რელიგია“, – წერს კაჩინსკი.

მისი თქმით, ეს ძირს უთხრის ევროპული ცივილიზაციის ფუნდამენტურ ფასეულობებსა და პრინციპებს.

„ამგვარად, ჩვენი ცივილიზაციის ფუნდამენტური ფასეულობებისა და პრინციპების ეროზიას აქვს ადგილი. დღევანდელი ევროკავშირი განსხვავდება არა მხოლოდ იმ პროექტისგან, რომელიც მოცემული იყო ევროკავშირის დამფუძნებლების ხედვაში, არამედ იმ პროექტისგანაც, რომელსაც ჩვენ შევუერთდით 2004 წლის 1-ელ მაისს“, – დასძინა მან.

როგორც პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამოსწორების მცდელობა არ შეიძლება.

„ევროკავშირი აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ის, რომ მისი ევოლუცია ამ მიმართულებით წავიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამის გამოსწორების მცდელობა არ შეიძლება“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები