პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსჯულებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალი ერთ-ერთი ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა.
2022 წლის 22 აგვისტოს დაზარალებულმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ფარული ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის, რის შემდეგაც მან შურისძიების მიზნით, მსხვერპლი ვარკეთილში მდებარე სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა. ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დამნაშავედ ცნეს.