არჩევნებში ერდოღანის მთავარი კონკურენტი რუსეთს შეთქმულებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) გენერალური მდივანი და “ერთა კავშირის” კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ რუსეთს ყალბი მასალების გავრცელებასა და შეთქმულებაში ადანაშაულებს.

ქილიჩდაროღლუ მუჰარემ ინჯეს მიერ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნას გამოეხმაურა.

ინჯემ გუშინ განაცხადა, რომ ​”მე ვიხსნი ჩემს კანდიდატურას, რათა მათ აღარ ჰქონდეთ მეტი მიზეზი ჩემი დადანაშაულებისთვის. მიეცით ხმა ჩვენს პარტიას, ჩვენი პარტია უნდა იყოს პარლამენტში”.

მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად მან დაასახელა კომპრომატების ტალღა, რომელიც მას საარჩევნო კამპანიის დროს დაატყდა. პოლიტიკოსის თქმით, 45 დღის განმავლობაში თურქულ მედიაში ვრცელდებოდა მისი ყალბი, მაკომპრომეტირებელი ფოტოები, ხოლო სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ფაქტების გამოძიებას გვერდი აუარეს. ინჯემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მისი, როგორც ქვეყნის მოქალაქისა და თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რეპუტაცია.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ერდოღანის პირდაპირი მეტოქე გამოეხმაურა.

ქემალ ქილიჩდაროღლუმ “ტვიტერში” რუსულ და თურქულ ენებზე დაწერა: “ძვირფასო მეგობრებო, რუსებო, თქვენ დგახართ იმ მონტაჟების, შეთქმულების, Deep Fake-ის ​და ჩანაწერების უკან, რომლებიც გუშინ ამ ქვეყანაში გავრცელდა. თუ გსურთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება 15 მაისის შემდეგ, მოერიდეთ თურქეთის სახელმწიფოს. ჩვენ თანამშრომლობის და მეგობრობის მომხრე ვართ“.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება.

11 მაისს, Konda Research-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 43,7% ხმას რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისცემდა, ხოლო 49,3% ქემალ ქილიჩდაროღლუს.

არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატებად სულ 4 პოლიტიკოსი იყო დარეგისტრირებული, ახლა კი სამი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები