კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის 75 წლის იუბილე და მისდამი მიძღვნილი საღამო-კონცერტი
დღეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორი – ვაჟა დურგლიშვილი 75 წლის გახდა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვაჟა დურგლიშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართება თავად კომპოზიტორისა და ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
„ვაჟა დურგლიშვილი ახალგორის რაიონში დაიბადა. 1968-1973 წლებში იგი სწავლობდა თბილისის საესტრადო სასწავლებელში, ხოლო 1979-1983 წლებში – თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკა-სიმღერის ფაკულტეტზე. 1972 წლიდან იყო თბილისის პიონერთა სასახლის პედაგოგი.
ვაჟა დურგლიშვილი თანამშრომლობდა არაერთ საესტრადო ანსამბლთან („ორერა“, „დიელო“, „რერო“, „ციცინათელა“, „ლალე“, „ჯორჯია“); მისი საბავშვო სიმღერები არის ანსამბლების: „მზიურის“, „მთიების“, „ლახტის“, „ნერგების“, „ბასტი-ბუბუს“ რეპერტუარში.
ვაჟა დურგლიშვილი 500-მდე საესტრადო და საბავშვო სიმღერის ავტორია. მისი საბავშვო ოპერა-რევიუ „სათაგური“, რომელიც შექმნილია ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით, მოგვიანებით კინოფილმად იქცა. მიუზიკლი „თავქარიანები“ 2002 წელს დაიდგა მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში. კომპოზიტორი ავტორია საფორტეპიანო და სავიოლინო პიესებისა, ასევე პიესების ფლეიტის, ქსილოფონისა და არფისთვის (2009-2010 წლები). 1975 და 1983 წლებში კომპანია „მელოდიამ“ გამოსცა მისი ორი საავტორო ფირფიტა-გიგანტი, რომელთა ტირაჟმა მილიონს გადააჭარბა. ასევე, გამოცემულია ოთხი CD-ალბომი: „პოპულარული სიმღერები“, „შენ გიმღერი“, „საბავშვო სიმღერები“, „სალაღობო“. კომპოზიტორი, ამავე დროს, არის მოყვარული მხატვარი.
ვაჟა დურგლიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი; 2017 წელს იგი გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ბატონ ვაჟა დურგლიშვილს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.