გიორგი კალანდია: „ევროპაში ქართული კულტურის ნამდვილი ზეიმია“

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ქართული კულტურის წარმატებულ ევროპულ დღეებზე საუბრობს.
„ევროპაში ქართული კულტურის ნამდვილი ზეიმია, გუშინ კოპენჰაგენში ნიკო ფიროსმანის მასშტაბური გამოფენა გაიხსნა, დღეს კი რომმა ქართველი მხატვრის, გიორგი აფხაზის კატალოგის პრეზენტაციას უმასპინძლა… მადლობებით მინდა დავიწყო: კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის  პირადი თანადგომითა და მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლემ რომის ოპერასთან ერთად პირველად გამოსცა იტალიაში მოღვაწე დიდი ქართველი თეატრალური მხატვრის, გიორგი აფხაზის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სამენოვანი ფერადი კატალოგი.
ეს გამოცემა მომზადდა რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტის პროფესორ ნენო გაბელიასთან და რომის ოპერის არქივის ხელმძღვანელ ალესანდრა მალუსარდისთან ერთად..
კატალოგის გამოცემას წინ უძღოდა დიდი სამეცნიერო მუშაობა, რომელიც პროფესორმა ნენო გაბელიამ ჩაატარა.. ძალიან მნიშვნელოვანია იტალიაში საქართველოს საელჩოს და პირადად ელჩის, ბატონი კონსტანტინე სურგულაძის მხარდაჭერა, სწორედ საელჩომ უზრუნველყო გასულ წელს რომში გიორგი აფხაზის მიტოვებულ საფლავზე სათანადო მემორიალური დაფის მონტაჟი, დღეს კი აფხაზის ალბომის დიდ პრეზენტაციას უმასპინძლა…
ჩემთვის, როგორც წიგნის ერთ-ერთი ავტორისათვის, ძალიან დიდი სიხარული იყო, მენახა სტუმრებით გადაჭედილი დარბაზი, აფხაზის შემოქმედებით აღტაცებული იტალიელები… კატალოგმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ეს კი ქართული კულტურის კიდევ ერთი გამარჯვებაა. მადლობა ხელოვნების სასახლის შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც კატალოგის მოსამზადებლად უდიდესი სამუშაო ჩაატარა“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები