საქართველოს სახალხო მხატვარს, ედმონდ კალანდაძეს, 100 წელი შეუსრულდებოდა
საქართველოს სახალხო მხატვარს, ედმონდ კალანდაძეს, 100 წელი შეუსრულდებოდა. კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ედმონდ კალანდაძის ღვაწლს და დამსახურებას ქართული კულტურისა და მხატვრობის წინაშე და ინფორმაციას აქვეყნებს.
ედმონდ კალანდაძე 1923 წლის 4 მაისს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. 1940-55 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ: ალექსანდრე ციმაკურიძე, ვასილ შუხაევი და ვალენტინ შერპილოვი. ედმონდ კალანდაძე 1955 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში; 1957 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ცნობილმა მხატვარმა და პედაგოგმა ედმონდ კალანდაძემ განსხვავებული მხატვრული ხედვა და შემოქმედებითი თავისუფლება მოღვაწეობის საწყის ეტაპზევე გამოავლინა. ის XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა გამორჩეული თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ფერწერის განვითარებაში.
1972-86 წლებში ედმონდ კალანდაძე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1991-1992 წლებში – საქართველოს კულტურის მინისტრი. 1986 წელს იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს სამუზეუმო გაერთიანებასთან არსებულ სახვითი ხელოვნების თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის სახელოსნოს.
მხატვარი გახლდათ მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი.
ედმონდ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენები ეწყობოდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს საპატრიარქოში, ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში (ბუენოს-აირესი, არგენტინა), ხელოვნების მუზეუმში (სტამბოლი, თურქეთი) და კერძო კოლექციებში“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.