ზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილის განცხადებაზე: გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე პატიმარი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან გონება დაკარგა.
როგორც ჩხაიძე ამბობს, არსებობს კადრები და მასში გონების კარგვის ეპიზოდი არ ჩანს.
“პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეებში არ შეცვლილა, ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია.
გუშინდელ ეპიზოდს რაც შეეხება, ეს ვიცით პაციენტის გადმოცემით – რომ ადგილი ჰქონდა ვარდნას. მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება. როგორც მორიგე პერსონალი გადმოგვცემს, გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ პაციენტი ამბობს, რომ გონების კარგვა იყო. მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ.
რაც შეეხება რკინის მაგიდას – რკინის მაგიდა იმ სივრცეში არ დგას. არანაირი დაზიანება გარეგანი დათვალიერებით არ აღენიშნება. არსებობს კადრები. გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს”,- განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: “როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.
დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს – გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი. მადლობა მინდა, ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება”.