ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინას როგორც შეგვიძლია ვეხმარებით

ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს; რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ჩვენის მხრივ, რაც შეგვიძლია ვეხმარებით უკრაინას, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა. რამდენიმე დღის წინ გავაგზავნე ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და შემდეგ გადავწყვეტთ, რა სახის დახმარების საშუალება გვექნება – იქნება ეს მედიკამენტებით დახმარება, დაჭრილი მოქალაქეების გადმოყვანა საქართველოში, მათი მკურნალობა-რეაბილიტაცია თუ სხვა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ნატო-ს უელსის სამიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ გასული წლის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა, რათა მაქსიმალური შედეგისთვის მიეღწია. „როგორც იცით, შემუშავებულია პაკეტი. მთავრობამ გააკეთა შესაძლებლობების მაქსიმუმი და ამ პროცესში პირადად ვიყავი ჩართული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვახორციელე სატელეფონო ზარები, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან. მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ინტენსიურად, რომ მაქსიმუმისთვის მიგვეღწია. რა თქმა უნდა, კონიუნქტურა გასათვალისწინებელია და ევროპელები ამას ყურადღებას აქცევენ. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა და ველოდებით იმას, რომ მივიღოთ ადეკვატური შეფასება ნატოს სამიტზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა თურქეთში ვიზიტიც შეაჯამა და განმარტა, რომ ანკარაში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლას გეგმავს. „მე მქონდა ხანმოკლე საუბარი ბატონ ერდოღანთან და თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლას ვგეგმავ. ასევე, გვსურს იგი მოვიწვიოთ საქართველოში. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტიორი, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ძალიან ახლო და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ჩემი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურება იყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა თურქეთში საქართველოს საელჩოს მოწყობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს აქვთ მოტივაცია წარმატებული საქმიანობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები