შვეიცარიის ელჩი ოთარ დანელიას შეხვდა

საქართველოში შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას შეხვდა.
ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი ერთმანეთისთვის შეხედულებების გაზიარება და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისს შორის მომავალი თანამშრომლობის სფეროების მონიშვნა იყო.
მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებამ საგრძნობლად იკლო. წარმოება დღემდე რჩება ძალიან დაბალ დონეზე. სასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმება აღწევს 52 %-ს, მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელში მხოლოდ 9% აღწევს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
შვეიცარიის ელჩს თან ახლდა თბილისში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ბატონი რუდოლფ შოხი. მან მინისტრს თანამშრომლობის პროგრამა წარუდგინა, რომელიც მოიცავდა წარმოების ჯაჭვს და ბაზრის განვითარებას (მაგალითად კარტოფილისთვის), სოფლის მეურნეობის დაფინანსებასა და დაზღვევას, საძოვრების მოვლასა და აგრეთვე სოფლის მეურნეობის გაფართოებასა და იქ დასაქმებული პირების პროფესიულ გადამზადებას. ამ პროგრამის მიხედვით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საოჯახო ფერმერობის განვითარებას საქართველოს ყველაზე უფრო ღარიბ რეგიონებში. სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ნოდარ კერესელიძემ და დავით გალეგაშვილმა დაუდასტურეს თავიანთ შვეიცარიელ სტუმრებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა ივლისში სრულად იქნება განხორციელებული, თუმცა მასში შეტანილი იქნება ზოგიერთი ცვლილება სექტემბრის ბოლოს. მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა მის მიერ შემუშავებულ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საირიგაციო სისტემის გაუმჯობესება, სასოფლო სამეურნეო დაზღვევის შემოღება, კვების პროდუქტების უსაფრთხოების გაფართოება და ორგანული პროდუქციის მწარმოებელი ფერმების განვითარება. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ რეგულარულად გაცვლიან თავიანთ მოსაზრებებს და კვლავაც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ გაძლიერდეს სასოფლო-სამეურნეო სექტორი საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები