გიორგი ამილახვარი: ბიძინა ივანიშვილმა პატრიოტული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფორმალური თუ არაფორმალური სანქციების არ ეშინია
„მგონი, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებებით, თავისი პატრიოტული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით არაერთხელ აჩვენა მაგალითი და დაამტკიცა, რომ არანაირი ფორმალური თუ არაფორმალური სანქციების ამ ადამიანს არ ეშინია და არც არაფერი იცვლება მისთვის”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამილახვარის თქმით, ივანიშვილის მიზანი საქართველოზე ზრუნვაა.
“მისთვის მთავარია მისი ქვეყანა, მისი სამშობლო და ქართველი ხალხი. თავის მთლიან ქონებას, პრაქტიკულად, ხარჯავს საქართველოში საქართველოს საკეთილდღეოდ, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ვერაფერი მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მისთვის, იგი იქნება ფორმალური თუ არაფორმალური სანქციების ქვეშ, ვინაიდან მისი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე ზრუნვა“, – განაცხადა ამილახვარმა.