15 მაისს ქართული კინოს მარათონი გაიმართება
15 მაისს, ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ქართული კინოს მარათონს უმასპინძლებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმების ჩვენებები გაიმართება თბილისის 2 კინოთეატრსა და საქართველოს 16 ქალაქში.
„აღსანიშნავია, რომ კინომარათონს შემოუერთდნენ: საქართველოს საელჩოები ნიდერლანდებში, ავსტრიაში, მალაიზიასა და ნორვეგიაში. შესაბამისად, 15 მაისს ქართული ფილმების ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს აღნიშნულ ქვეყნებშიც ექნება.
ქართული კინოს 115-წლიანი მრავალფეროვანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით, თავადვე შეარჩია.
მაყურებლის რჩეულ ფილმებს შორის არის რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება”. ფილმის ჩვენება გაიმართება კინოთეატრ „ამირანის” დიდ დარბაზში, 15 მაისს, 21:00 საათზე.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია, ხოლო პროგრამის მონაწილე ყველა ფილმი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.