დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკისა და შრომის ინსპექტირების შესახებ ანგარიშები მოისმინა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკისა და შრომის ინსპექტირების შესახებ ანგარიშები მოისმინა.
„დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში” სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ წარადგინა.
პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს ინფორმაციას პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობების თაობაზე. კერძოდ, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის, პროფილირების და კონსულტირების მიმართულებით, ასევე სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. დოკუმენტში ასახულია მონაცემები საშუამავლო მომსახურების და დამსაქმებელთან ურთიერთობის მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე; მოწყვლადი და დაბალკონკურენტული სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის, სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების, შრომითი მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელების, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და დონორებთან კოორდინაციის, ასევე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის Worknet-ის განვითარების შესახებ. სხდომაზე ასევე მოისმინეს შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2022 წლის ანგარიში. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ შრომის ინსპექტირების სამსახურის სტრუქტურისა და საანგარიშო პერიოდში გაწეული აქტივობების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, განხორციელებული რეფორმების შესაბამისად, მიღწეულია პროგრესი და წინა წელთან შედარებით 52%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები, რაც 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„რაც შეეხება სამუშაო ადგილზე ფატალურ შემთხვევებს, 2018 წლიდან, შრომის უსაფრთხოების კანონის ამოქმედების შემდეგ, 41%-ით არის შემცირებული უბედური შემთხვევების მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე”,- აღნიშნა მომხსენებელმა.
შრომის მთავარმა ინსპექტორმა ისაუბრა შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე. ასევე შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფისათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით გაწეული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. კომიტეტმა დადებითად შეაფასა მოსმენილი ანგარიშები.