უნგრეთის საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე “თავისუფალი თეატრი” ორი სპექტაკლით წარდგა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე X საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე “თავისუფალმა თეატრმა” მთავარ პროგრამაში რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის ორი სპექტაკლი – „რიჩარდ III“ და „ოტელო“ წარადგინა. ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის დიდ დარბაზში გამართულ წარმოდგენებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. მინისტრი საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიწვევით იმყოფებოდა. ,,როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრი მასპინძლობს საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადას, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი საუკეთესო რეჟისორები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი თეატრი სხვადასხვა ქვეყნის იმ რამდენიმე თეატრს შორის მოხვდა, რომლებმაც ოლიმპიადაზე ორი სპექტაკლი წარადგინეს. მონაწილეთა უმრავლესობა ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთ სპექტაკლს უჩვენებს.
თავისუფალი თეატრის ორივე სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლებში მონაწილეობენ მსახიობები: გოგა ბარბაქაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ანი ალადაშვილი, მარიამ ნადირაძე, კახა მიქიაშვილი, ჯაბა კილაძე, მარიამ ჯოლოგუა, თინათინ კორძაძე, დიმა მერაბიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, სალომე ჭულუხაძე და სხვ. სპექტაკლების მხატვარია მირიან შველიძე, კოსტიუმების მხატვარი – ნატალია კობახიძე.
საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა ყოველ ოთხ წელიწადში სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს, სამი თვის განმავლობაში, უნგრეთის ყველა ქალაქში მაყურებელი ნახავს როგორც მთავარი, ისე ღია პროგრამის მონაწილე სპექტაკლებს. მთავარ პროგრამაში 30 სპექტაკლია, ღია პროგრამაში – 1500-ზე მეტი. მთავარი პროგრამისთვის სპექტაკლებს არჩევს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის წევრები არიან მსოფლიოს გამორჩეული რეჟისორები და კრიტიკოსები. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მოხვდა. თავისუფალი თეატრი თავის შემოქმედებას წარადგენს ისეთ სახელგანთქმულ რეჟისორთა სპექტაკლების გვერდით, როგორიც არიან: ტადაში სუძუკი, თეოდოროს თერზოპულოსი, კრისტოფ მარტალერი, სილვიო პურკარეტე, დიმიტრის პაპაიოანუ, ეუჯენიო ბარბა, იან ფაბრი, რომეო კასტელუჩი, დეკლან დონელანი, კრისტიან ლუპა, ჰეინერ ჰებელსი, ატილა ვიდნიანსკი და სხვა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს თავისუფალი თეატრის დასსა და მის რეჟისორს პრესტიჟული საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მონაწილეობას და მიესალმება ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას. შეგახსენებთ: მიმდინარე წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ინდოეთში ქართული თეატრის კვირეული გაიმართა. ღონისძიება სწორედ თავისუფალმა თეატრმა გახსნა ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს”.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი უნგრეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მინისტრმა შეხვედრები გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერ ჟოლტ შემიენსა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრის მოადგილე ესზტერ ვიტალიოსთან. მხარეებმა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.