ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალისტები გამოვლინდნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის” ფინალურ ეტაპზე 32 სკოლის გუნდი გადავიდა.
საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, 67 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII-XII კლასელებისგან შემდგარ გუნდებს შორის ნახევარფინალური თამაში 24 აპრილს თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართა. ფინალში გადავიდნენ გუნდები, რომელთაც 11 და მეტი ქულა მოაგროვეს. პროექტში გამარჯვებულები 20 მაისს დაგეგმილ ფინალურ თამაშზე გამოვლინდებიან. საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა.
ის „რა? სად? როდის?” ინტელექტუალური თამაში პრინციპით ტარდება. პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2023-1