დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი რამდენიმე კანონპროექტი განიხილა.
„ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონპროექტი კომიტეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება ელექტრონული კომერციის, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა. განისაზღვრება საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.
„ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული ვაჭრობის შემდგომი განვითარება, საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირება დამატებით დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის სავაჭრო იმიჯზე და მისი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე”, – აღნიშნა მომხსენებელმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის გზით, შიდა ბაზრის სათანადოდ ფუნქციონირების ხელშეწყობა და გაუმჯობესება. მომხსენებლის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრისკენ ინტეგრაციისთვის.
კომიტეტმა ასევე განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირებას ითვალისწინებს.
კონკრეტულად, სარკინიგზო კოდექსს ემატება პუნქტები, სადაც განისაზღვრება და ახლებურად ჩამოყალიბდება ტერმინთა განმარტებები. ამასთან, კოდექსის არსებულ რედაქციაში მოცემული ტერმინები, „სარკინიგზო შემადგენლობა” იცვლება „მოძრავი შემადგენლობით”, „საფრთხეშემცველი ტვირთი” – „სახიფათო ტვირთით”.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თქმით, კანონპროექტის თანახმად, ჩნდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის მისაღებად შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, განისაზღვრება უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირებისა და სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის შესაბამისი დებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის რამდენიმე თანმდევ კანონში.
სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტით ცვლილება შედის შესაბამის დებულებებში რათა ფონდის სახელწოდება შეიცვალოს სახელწოდებით „საქართველოს განვითარების ფონდი”. პროექტით დაზუსტდება ფონდის მიზნები. გამკაცრდება ფონდის პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმები და მიმართულებები, განხორციელდება ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია.
აღნიშნულ ცვლილებებზე “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ ისაუბრა.
კომიტეტის სხდომაზე „ენერგოეტიკეტირების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ ისაუბრა. ცვლილებით, ზუსტდება მიმწოდებლისა და დილერის ვალდებულებები მომხმარებლის წინაშე. ასევე წესრიგდება გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობები. განისაზღვრება ბაზარზე განთავსებულ ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის სუბიექტი და საზედამხედველო წესები. კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინთა ცვლილებას.
კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.