დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქართული დიასპორის მიმართულებით პროექტები განიხილეს
ქართული დიასპორის მიმართულებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებზე ისაუბრეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
მომხსენებლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, კახა ხანდოლიშვილის ინფორმაციით, ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ქართული დიასპორისთვის დისტანციური პროგრამა არსებობს, სადაც 72 ქვეყნის 860 მოსწავლეა ჩართული. ასევე, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სატესტო რეჟიმში მოქმედებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.
როგორც კახა ხანდოლიშვილმა აღნიშნა, საინგილოში 10 ქართული სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სამინისტრო ყოველწლიურად აგზავნის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს ახორციელებს. მისივე თქმით, ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის 2022 წელს გამოცხადდა კონკურსი – “ქართული ანბანის ელჩები”, რომლის ფარგლებში მონაწილეებს პოპულარიზაცია უნდა გაეწიათ ქართული ენისთვის. კახა ხანდოლიშვილის განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მომხსენებლის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს ქართული ენის სწავლების შენარჩუნების მიზნით უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების მხარდამჭერი პროექტების საჭირო რესურსებით უზრუნველყოფასა და პედაგოგების გადამზადებაზე. სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ქართულ სამეცნიერო ცხოვრებაში დიასპორის ჩართულობის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი საგრანტო კონკურსებს ახორციელებს. სხდომაზე დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს ინსტიტუციური გაძლიერების მნიშვნელობას და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების მრავალფეროვნების აუცილებლობას.
„პროექტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ეს გრძელვადიან შედეგებზე უნდა იყოს გათვლილი”, – განაცხადა დიასპორასა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ.