ოთარ შამუგია: 2022 წელს დაფინანსდა ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს მოწყობა, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით, გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10 %-იანი სარგებელი, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80 %-ით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს დაფინანსდა ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს მოწყობა, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება. პროექტი 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს და ჯამურად, 4500 ტონა პროდუქციის შენახვა არის შესაძლებელი.
2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესების, პროდუქციის წარმოების ზრდის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით, ხორციელდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების 50 %-იანი, არაუმეტეს 100 ათასი ლარის საგრანტო დაფინანსებით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ცვლილებები შევიდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც ხელს შეუწყობს კოოპერატივების განვითარებას და სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.